თეთნულდის სათხილამურო კურორტი

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობას ახორციელებს.

პირველ ეტაპზე, შენდება 5 საბაგირო სადგური, საერთო სიგრძით - 5.9 კმ; ეწყობა 18 სასრიალო ტრასა, საერთო სიგრძით - 25 კმ; ასევე წყალსადენი, წყალარინების, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემები, შენდება ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობები, პარკინგი და სხვა აუცილებელი ობიექტები.

2015 წლის ბოლოსთვის, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” თეთნულდზე განახორციელა მიწის სამუშაოების 90%-ზე მეტი, მათ შორის - სასრიალო ტრასების მოწყობის კუთხით; მთლიანად დასრულებულია და ფუნქციონირებს 6 ქვესადგური, მოწყობილია წყლის სათავე ნაგებობები და რეზერვუარები, შესაბამისი სამოედნო ქსელებით; ექსპლუატაციაში გასაშვებად მზადაა ბიოლოგიური ნარჩენების გამწმენდი ნაგებობები, ე.წ. ბიოტალები; მთის ხევებზე მოეწყო მილხიდები; სასრიალო ტრასების ძირითად ნაწილზე დასრულებულია მთის დრენაჟის სისტემების მოწყობა.

დაფინანსება: პროექტს საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ. კომპანიის მიერ განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 15 500 000 ლარი გამოიყო.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 300 ადამიანი დასაქმდა. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

შედეგი: თეთნულდი უნიკალური სამთო კურორტია, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაშია აქტიური. აქ შესაძლებელია ალპინიზმის, ჯომარდობის, ცხენოსნობის, პარაპლანერიზმის, სნოუბორდით სრიალის, სამთო ტურიზმის განვითარება. საკურორტო ტერიტორია 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა. მთის სათხილამურო ტერიტორიას წარმოადგენს.

თეთნულდის სასრიალო ტრასა იქნება ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი -9,5 კმ.- და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კმ., რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია თხილამურების მოყვარულთათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ სასრიალო პერიოდი, წლის განმავლობაში შეადგენს 6-7 თვეს.

არსებული გათვლებით, თეთნულდის ტრასებზე ერთდროულად მოსრიალეთა რაოდენობა 4 100 ადამიანია, საბაგიროების საერთო საათობრივი გამტარუნარიანობა - 8 400 კაცი/საათი, მთის ტურისტული გამტარუნარიანობა კი - 6806 კაცი.

არსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, დახურული საბაგიროს მეშვეობით, სამთო-სათხილამურო კურორტის დაკავშირება მულახის თემში გაერთიანებულ ხუთ სოფელთან, რაც შესაძლებელს გახდის ამ სოფლების ტურისტულ ზონებად ჩამოყალიბებას (სატუმრო და საკვები ინფრასტრუქტურის, ე.წ. სასტუმრო სახლების განვითარებას).