სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დარიალში

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2014 წელს დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების ლიკვიდაცია განახორციელა.  

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე, მდინარე დევდორაკის ხეობაში, 2014 წელს მეწყერი მაისსა და აგვისტოში, ისტორიული მყინვარული ღვარცოფის გააქტიურების შედეგად ჩამოწვა.

პირველი შემთხვევისას, 17 მაისს, 5 047 მეტრის სიმაღლის მწვერვალიდან 1 მლნ კუბური მეტრი მოცულობის მიწის მასა ჩამოიშალა; ჩაიკეტა მდინარე თერგის ხეობა, გზა, შეწყდა სატრანსპორტო კავშირი საქართველო-რუსეთის სასაზღვრი მონაკვეთთან.

სტიქიის განვითარების პირველივე წუთებიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილზე მოხდა შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სპეციალისტიებისა და ტექნიკის მობილიზება.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია კომპანიამ ურთულეს პირობებში, უწყვეტი მუშაობის რეჟიმში განახორციელა: გასუფთავდა დამეწყრილი ტერიტორია, გაიჭრა მდინარის კალაპოტი, დამონტაჟდა წყლის გასატარებელი ლითონის მილი, გზა შემოიფარგლა ბეტონის დამცავი პარაპეტებით.

დევდორაკის ხეობაში სტიქია მეორედ 20 აგვისტოს გააქტიურდა. ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, ხეობაში 400 000 კუბური მეტრი მოცულობის მთის მასა ჩამოწვა. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დილის 4 საათზე დაიწყო, მაგისტრალზე მდინარე თერგის შემოდინების შესაჩერებლად, მოეწყო დამცავი დამბა.

შესაბამისი ტექნიკის, სპეციალისტების მობილიზებისა და 24-საათიანი მუშაობის შედეგად, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდა და გზაზე მოძრაობის აღდგენა, ამჯერადაც, მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოახერხა.      

დაფინანსება: სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინასდა და 5 161 888 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 200 ადამიანზე მეტი მუშაობდა, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებლები.

შედეგი: აღდგა მოძრაოა საქართველოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გზაზე.