სარფის სანაპირო ზოლის გამაგრება

პროექტი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაკვეთით, ... "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 117-119-ე კმ-ზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდ, რაც საფრთხეს უქმნიდა მის მდგრადობას, შესაბამისად - მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, რომელზეც ინტენსიური ქვისცვენა მიმდინარეობდა. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის უმეტეს დროს ერთნაირი ინტენსივობით ცვიოდა, ხშირი იყო მგზავრების, მანქანებისა და ტვირთების დაზიანების შემთხვევები.  გზის ეს ნაწილი მდებარეობს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაგრძელებაზე და, პრაქტიკულად, უმოკლესი მანძილია თურქეთის გავლით ევროპიდან შემოსული და სამხრეთ კავკასიაში თუ აზიაში მიმავალი მანქანებისთვის.

პროექტის მიხედვით, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა; ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, გამაგრდა და 5 მეტრით გაფართოვდა გზა, გაიზარდა ნაპირი; სანაპიროს 1,5 კმ-ზე შენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ცალი ტეტრაპოდი

პროექტის განხორციელება 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2016 წელს იგეგმება.

დაფინანსება: სარფის ნაპირგამგარებას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 58,4 მილიონ ლარს შეადგენს.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმებულია 100 ადამიანი, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

შედეგი: სანაპირო ზოლის გამაგრების, მოწყობისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრების შემდეგ, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის.