ახალი კურორტი სვანეთში

ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კმ სიგრძის და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კმ სიმაღლის სასრიალო ტრასა, მოთხილამურეების ოცნება - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მახასიათებლებისა, რომელიც თეთნულდის სათხილამურო კურორტს ექნება. ჩვენი კომპანია ამ კურორტს "თეთნულდ დეველოპმენტის" დაკვეთით აშენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წვლილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებაშიც შეგვაქვს.

ვიდრე თეთნულდის ტურისტულ პოტენციალზე უფრო დაწვრილებით მოგიყვებოდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კურორტის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, დახურული, გონდოლიანი საბაგიროს მეშვეობით, სამთო-სათხილამურო კურორტის დაკავშირება მულახის თემში გაერთიანებულ ხუთ სოფელთან. ეს სოფლებია: ჭოლაში, ჩვაბიანი, მაჯვდიერი, ცალდაში, ჟაბეში. მათთვის ეს კავშირი ტურისტულ ზონებად ჩამოყალიბების, სატუმრო და საკვები ინფრასტრუქტურის, სასტუმრო სახლების განვითარების შესაძლებლობას ნიშნავს; შესაბამისად - სტაბილურ შემოსავალს და განვითარების კარგ პერსპექტივას.

ეს ნადვილად კარგი შესაძლებლობაა, როგორც მულახის თემის მცხოვრებლების, ისე - ზამთრის ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, რადგან სასრიალო სეზონი თეთნულდში 6-7 თვეს გრძელდება. დავამატოთ ამას ისიც, რომ, არსებული გათვლებით, თეთნულდის ტრასებზე ერთდროულად 4100 ადამიანს შეეძლება სრიალი, საბაგიროების საერთო საათობრივი გამტარუნარიანობა კი, საათში 8400 კაცი იქნება და სურათი უფრო ნათელი გახდება.

თეთნულდი მართლაც უნიკალური სამთო კურორტია და იგი ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია. აქ შესაძლებელია არა მარტო თხილამურებზე სრიალით, არამედ, ალპინიზმით, ჯომარდობით, ცხენოსნობთ, პარაპლანერიზმით, სნოუბორდით, სამთო ტურიზმით დაკავება. საკურორტო ტერიტორია 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა მთის სათხილამურო ნაწილია.  

თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობა ჩვენ 2014 წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. სვანეთში, მოგეხსენებათ, რთული კლიმატური პირობებია, გვიანი შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში იქ მუშაობა შეუძლებელია, თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. უკვე დასრულდა ტყე-კაფვის სამუშაოები; მოპირკეთებულია სასრიალო ტრასების დიდი ნაწილი; განხორციელებულია მიწის სამუშაოების უმეტესობა; შენდება ელექტროქვესადგური, წყლის სათავე ნაგებობა და წყლის რეზერვუარები.

პირველ ეტაპზე, თეთნულდში 5 საბაგირო სადგური აშენდება, საერთო სიგრძით - 5.9 კმ; მოეწყობა, ჯამში, 18 სასრიალო ტრასა, საერთო სიგრძით - 25 კმ; ასევე - წყალსადენი, წყალარინების, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემები, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობები, პარკინგი და სხვა აუცილებელი ობიექტები.

"თეთნულდის" მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდა. ამ წუთებში, იქ 140 ადამიანი შრომობს. თუ ამინდმა სიურპრიზები არ მოგვიწყო, დეკემბრის ბოლოს თეთნულდი პირველი სტუმრების მიღებას შეძლებს.