დერეფანი - სტიქიისგან დასაცავად

2014-ში დარიალის ხეობაში მდინარე დევდორაკმა ორჯერ შეუქმნა საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და გადაადგილებას. ჯერ მაისში, შემდეგ კი, აგვისტოში, მყინვარიდან მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ღვარცოფი წამოვიდა, ჩაკეტა მდინარე თერგის ხეობა, დაფარა გზა და მიმდებარე ტერიტორია. გარდა იმისა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა, იყო მსხვერპლიც...

ჩვენი კომპანია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე პირველივე წუთებიდან მუშაობდა, დღე და ღამე, უწყვეტ რეჟიმში, რის შედეგადაც, ორივე შემთხვევაში, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგა. მთლიანობაში, სავალი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია ჩამოწოლილი მასებისგან გაიწმინდა, დამონტაჟდა წყალგამტარი ლითონის მილი, გამაგრდა 150 მეტრი სიგრძის მიწის ვაკისი, ბუტობეტონის ბლოკებითა და ქვაყრილით მოეწყო 700 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი თერგზე, ხეობაში მდებარე ჰესის დასაცავად, 90 მეტრის მანძილზე შეიცვალა მდინარის კალაპოტი.       

ადგილობრივები გეტყვიან, რომ ეს დევდორაკის გააქტიურების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამ რთულ რელიეფში მყინვარიდან წამოსული ღვარცოფი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა პრობლემებს. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, სტიქიური მოვლენების გამეორების შესაძლებლობას გეოლოგები არც მომავალში გამორცხავენ.

სწორედ ასეთი საფრთხეების დროს, ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ჩვენი კომპანია ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სპეციალურ ნაგებობას, საევაკუაციო დერეფანს აშენებს.

დერეფანი თითქმის 209 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის იქნება და საავტომობილო გზის ზედაპირიდან 7-12 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება. კონსტრუქციას დაიკავებს რკინა-ბეტონის კოჭები, რომელიც კლდეში 1,5, მეტრი სიღრმეში ჩამონტაჟდება და ერთმანეთს 40 სმ სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის ფილებით დაუკავშირდება. დერეფანს ლითონის მოაჯირი გაუკეთდება და, ქვისცვენისგან დასაცავად, სპეციალური ბადით გადაიხურება.

საევაკუაციო დერეფანში შესვლა შესაძლებელი იქნება კიბეების საშუალებით, რომელიც 4  სხვადასხვა ადგილას განთავსდება. კონსტრუქცია დაიწყება ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან და დასრულდება დარიალის მამათა მონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყობა. ამ მოედნიდან ხალხის ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდება. 

ლარსზე საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა ჩვენ გასული წლის ზაფხულში დავიწყეთ. მშენებლობის დასრულება წელს იგეგმება. სამუშაოების ტექნიკური ხასიათი, რთული რელიეფი და კლიმატური პირობები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, თუმცა, ყველა, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, 50-ვე ადამიანი, კომპანიის ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ იშურებენ, რომ სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდეს.

მშენებლობაზე დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი, აქაც, ადგილობრივია და ეს მათთვის დამატებითი მოტივაცია. სტიქიის შემთხვევაში ხომ, საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლების, მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე მომუშვეთა და გზაზე მოძრავი ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება საევაკუაციო მოედნამდე სწორედ ამ დერეფანმა უნდა უზრუნველჰყოს.       

 

საევაკუაციო დერეფნის 3D რენდერი