ახალი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დარიალის ხეობაში

პროექტი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელა.

სტიქიური მოვლენები მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ134-კმ135-ზე 23 ივნისს განვითარდა, როცა, ძლიერი და ხანგრძლივი წვიმების შემდეგ, დევდორაკის ხევიდან დიდი რაოდენობით ღვარცოფი ჩამოვიდა. შედეგად, მდინარე თერგმა კალაპოტი იცვალა, მიმდებარე ტერიტორია დატბორა და გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა.

სამუშაოების ფარგლებში, ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა, როგორც მდინარე თერგი, ისე - მდინარე ამალი, რისთვისაც ორივე მდინარესთან დროებითი მისასვლელი გზები მოეწყო; 115  კვ.მ მოცულობის ქვანაყარი ბერმა მოეწყო მდინარე ამალისა და 9081 კვ.მ მოცულობისა - მდინარე თერგის კალაპოტში; დაიკვალა და მოშანდაგდა 18000 კვ.მ გზა; დამონტაჟდა ლითონის წყალგამტარი მილები; ქვის ლოდებით მოეწყო გზის ქვედა საყრდენი კედელი; ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ფრაქციით მოეწყო და დატკეპნა გზის საფუძველი; მონიშნა სავალი ნაწილი; დამონტაჟდა 137 ცალი პლასტმასის მიმმართველი ბოძკინტი და გზის განათების 60 ბოძი, მოეწყო სპეცპროფილის 6 ბეტონის პარაპეტი.

დაფინანსება: დარიალის ახალი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 2 900 000 ლარი გამოიყო.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 80-მდე ადამიანი დასაქმდა, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებელები.

შედეგი: საავტომობილო მოძრაობა აღდგა საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს, საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე.