დიპლომატებმა რუხის კლინიკის მშენებლობა დაათვალიერეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამართული დიპლომატიური ტურის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დღეს რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს. დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებდა მონაწილეობას. სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისინი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად გაეცნენ.   

მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს რუხში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს. მშენებლობა 2014 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო და, პროექტის მიხედვით, 2017 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტი (შენობა და შიდასამუშაოები) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარს შეადგენს.

კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო-სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე,საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი (150ტ) კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი - 250X2 მეტრ/კუბი, საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი - 5, ნაწილი კი, 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს.

სამუშაოები სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით წარმოებს. მშენებლობა დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

კლინიკის მშენებლობა რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მისი ამოქმედების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების - ახალაბასთუმნისა და რიყის მცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ; საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.

კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.