საავტომობილო გზა დარიალში დღეს გაიხსნება

დღეს, 17:00  საათზე, დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნება. გზის გახსნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. 

გზის გახსნის შემდეგ, მაგისტრალზე მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი. ავტომობილების გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

გზის აღდგენის სამუშაოებს დარილის ხეობაში კოორდინაციას ადგილზე უწევს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ134-კმ135-ზე ტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 23 ივნისს შეწყდა, როცა ძლიერი წვიმების შედეგად დევდორაკის ხეობიდან ჩამოსულმა ღვარცოფმა თერგს კალაპოტი შეუცვალა და საავტომობილო გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი დაანგრია.