მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა

ვანის მუნიციპალიტეტში წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მდინარე სულორის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება მოხერხდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ვანში სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

მდინარე სულორი კალაპოტიდან სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად გადმოვიდა, სოფელ სულორის ხიდი წაიღო, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამოები და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-12 კმ, რის გამოც ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ვანში გრძელდება. ამ დროისთვის, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დაზიანებული გზის აღდგენაზე მუშაობს.