დარიალში წყალგამტარი მილის მოწყობა მიმდინარეობს

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფარგლებში, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს ატარებს.

დარიალში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და შესაბამისი სპეციალისტები. უკვე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა მდინარე თერგი და ხეობაში გზის აღდგენა დაიწყო.

სტიქიური მოვლენები მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135-ზე 23 ივნისს განვითარდა, როცა, ძლიერი და ხანგრძლივი წვიმების შემდეგ, დევდორაკის ხევიდან დიდი რაოდენობით ღვარცოფი ჩამოვიდა. შედეგად, მდინარე თერგმა კალაპოტი იცვალა, მიმდებარე ტერიტორია დატბორა და გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა.