ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

ორდღიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზა გახსნა. გზის სავალი ნაწილი აღდგენილია, გზაზე გადაადგილება - შესაძლებელი. ვითარებას ადგილზე გაეცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი.

ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის მე-12 კმ სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე სულორმა დააზიანა, რის გამოც ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გზის აღსადგენად, მდინარე სულორის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება გახდა საჭირო, რაც კომპანიამ, ასევე, უმოკლეს ვადებში მოახერხა.

წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციას ვანის მუნიციპალიტეტში შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს.