ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია წარმატებით განხორციელდა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტის მიხედვით, 440 მეტრი სიგრძის ქუჩაზე ჩატარდა დაზიანებული ასფალტის ფრეზირება და მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაშენდა ბეტონის კიუვეტები; მოეწყო ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები. 

ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდა. სამუშაოებზე 30 ადამიანი დასაქმდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ღოღობერიძის ქუჩაზე მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული გახდა, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე - მძღოლებისათვის.    

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე, აგლაძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე ახორციელებს. შესყიდვის ღირებულება 5 049 999 ლარს შეადგენს.