ღია კარის დღე: თეთნულდის კურორტის მშენებლობა

თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობისთვის საჭირო შესყიდვების მიზნით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ღია კარის დღე გამართა.

შეხვედრაზე, დაინტერესებულმა პირებმა და კომპანიებმა მიიღეს ინფორმაცია თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობისთვის საჭირო ჯიბიანი ცხაურებისა და ჯუთას ბიოდეგრადირებადი ქსოვილის შესყიდვის დეტალებთან დაკავშირებით.

ღია კარის დღეს ესწრებოდნენ:

დაინტერესებული კომპანიები - „ევროპლანტ ჯორჯია +", „ნიტა პროქიურმენტი", „ვიაკონ საქართველო", "MACCAFFERI GEORGIA", "EURO-WELDING";

თეთნულდის სათხილამურო ტრასებზე ბალახის საფარის მოცილებისა და აღდგენის პროექტის შემსრულებლის შ.პ.ს. „გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკი"-სა და თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ზედამხედველი შ.პ.ს. „მარიალი"-ს წარმომადგენლები;

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული კომპანიები ადგილზე დაათვალიერებენ სამშენებლო ობიექტს და აქტიურად გაცვლიან ინფორმაციას პროექტის შემსრულებლებთან, ზედამხედველებთან და პოტენციურ დამკვეთთან.

ამ ტიპის ღია კარის დღეს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" პირველად არ ატარებს. საქართველოში შესყიდვები ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამგვარი შეხვედრები კი, ხელს უწყობს ისეთი დოკუმენტაციის შემუშავებას, რომელიც ელექტრონულ შესყიდვებში მეტი კომპანიის მონაწილეობას, მათ შორის ჯანსაღ კონკურენციას უზრუნველყოფს.