მახათას მთაზე ახალი გზის მშენებლობა დასრულდა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისიის მერიის დაკვეთით, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიების დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახორციელა. დასრულებული სამუშაო დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, მერიის კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების უფროსებმა დაათვალიერეს.

ახალ გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები; საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი, ჩაიდო მილები, მოეწყო ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდა.

„ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც ორ უბანს, ავლაბარსა და მახათას ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და შესაბამისად ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და, შესაბამისად, აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიების დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი გზის მშენებლობა შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამუშაოებზე 105 ადამიანი დასაქმდა.