დედოფლისწყაროშო ახალი საავადმყოფო აშენდა

საქართველოს მთავრობის დავალებით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო ააშენა.

ახალი სტაციონარი დღეს საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტთან, დავით სერგეენკოსთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო ქალაქის ძველ, ამორტიზებულ სტაციონარს ჩაანაცვლებს. საავადმყოფოს შენობა ერთსართულიანია, აშენებულია თანამედროვე დიზაინით, აქვს სხვენის სართული და კეთილმოწყობილი ეზო. 

კლინიკა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის, უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს, იგი დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის მცხოვრებლებს მოემსახურება.

დედოფლისწყაროს საავდმყოფოს მშენებლობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 2016 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 525 000 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე 70 ადამიანი დასაქმდა. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.