მესტია-აეროპორტი-წრნიაშის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის კმ1+000-კმ4+000 მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მესტიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების, სასტუმრო კომპლექსების, ბარების, რესტორნების და სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა. ცენტრისა და  აეროპორტის დამაკავშირებელი ახალი გზა ხელს შეუწყობს ამ სფეროს და ადგილობრივებს დასაქმების დამატებით საშუალებებს შეუქმნის. 

პროექტი ითვალისწინებს: 2.803 მეტრი სიგრძის გზის აღდგენა-გამაგრებას; არსებული საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციას; დაზიანებული ბეტონის პარაპეტების დემონტაჟს; ასფალტ-ბეტონის საფარის ფრეზირებას; რკინა-ბეტონის მილებისა და სანიაღვრე ქსელის, მოწყობას; არსებული 51 მეტრი სიგრძის ბეტონის საყრდენი კედლის შეკეთებასა და ბეტონის ორი, 104 მეტრი სიგრძის ახალი ქვედა საყრდენი კედლის მოწყობას; ნაპირის დაცვას 80 მეტრი სიგრძის გაბიონით; ეზეოებში შესასვლელებისა და მიერთებების შეკეთებას; გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობას; გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დასხმას; სავალი ნაწილის მონიშვნას; საგზაო ნიშნების, ბოძკინტებისა და ზღუდარების დამონტაჟებას.

პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 2 422 575 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული.