თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" თბილისში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის ეს ერთ-ერთი უძველესი შენობა, რომელიც კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს და არსებობის მეორე ასწლეულს ითვლის, ამ დროისთვის, რთულ მდგომარეობაშია. 

პროექტის ფარგლებში, აღდგება პარადული კიბის უჯრედების საფეხურებისა და ბაქნების დაზიანებული ადგილები, რუსთაველის თეატრის ფლიგელის სადარბაზო შესასვლელის კიბის უჯრედის საფეხურებისა და ბაქნების დაზიანებული ნაწილები, აღდგება უკანა ფასადი, ეზოს მხრიდან შემომავალი სადარბაზოს შესასვლელები, ასევე - ნგრევის პირას მისული კიბის უჯრედების საფეხურები და ბაქნები, გაიწმინდება და აღდგება რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თეატრის თანდართული ორიენტალისტური მოხატულობა, დასრულდება ყოფილი კინოთეატრის დარბაზის კეთილმოწყობა, გამაგრდება სართულებსშუა გადახურვა, ტექნიკურად გაიმართება შენობაზე დადგმული კოშკები, სარკმლის კონსტრუქციები, სველი წერტილები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 514 461 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული.