მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი განლაგებულია კავკასიონის მთავარი ქედის ჯვრის უღელტეხილის ფარგლებში, ზღვის დონიდან 2385 მ. სიმაღლეზე, ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე. იწყება  კმ 95+000-დან, დაბა გუდაურთან და სრულდება კმ 106+275-ზე, სოფ. კობთან.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა (ისტორიული დასახელებით - „საქართველოს სამხედრო გზა“) ყოველთვის იყო და დღესაც რჩება სამხრეთ კავკასიის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთ-ერთი უმთავრეს, ყველაზე მოკლე და მოსახერხებელ არტერიად.

დღეისათვის ამ გზით ხორციელდება როგორც ადგილობრივი, ასევე ძირითადი საერთაშორისო სამგზავრო კავშირები და სატვირთო გადაზიდვები; შესაბამისად, გზას აქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია.

მოძრაობის ყოველთვიურად მზარდი ინტენსივობის გათვალისწინებით, პროექტის მიზანია გზის აღნიშნული მონაკვეთის მიწის ვაკისის და საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, მისი ცალკეული უბნების გაფართოება, რკინა-ბეტონის ხიდების და მილების შეკეთება-მოწყობა, გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა, სამუშაოების ჩატარება მოძრაობის უსაფრთხოებისა და გზის კეთილმოწყობისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შ,პ,ს, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2013 წლის აპრილის ბოლოს.

განვლილი სამი თვის განმავლობაში განხორციელდა მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები. მთლიანად შეკეთდა უხვთოვლობისა და მეწყერებისაგან დაზიანებული გზის ის მონაკვეთები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას. ამ მიზნით მოიჭრა და გატანილ იქნა ნაყარში 39,11 ათასი მ³ სველი გრუნტი და შეტანილ იქნა 125,95 ათასი მ³ ინერტული მასალა. შეკეთდა ან თავიდან მოეწყო 34 სხვადასხვა ზომის რკინა-ბეტონის მილი, მოეწყო გაბიონის საყრდენი კედლები, აღდგენილ იქნა ფერდებიდან ჩამოშვავებული გრუნტისა და ჩაშლილი გვერდულების გამო შევიწროებული მონაკვეთები, დაიწყო ორი ახალი რკინა-ბეტონის ხიდის მშენებლობა.