დევდორაკის ხეობაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშოები მინისტრმა და ჟურნალისტებმა დაათვალიერეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ხემლძღვანელმა და  ჟურნალისტებმა დღეს დევდორაკის ხეობაში ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ორი დღის წინათ მიწისა და კლდის მასა ჩამოიშალა.

სტიქიით დაზიანებულ ტერიტორიაზე შესვლა, ინტენსიური გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. მინისტრმა და მედიის წარმომადგენლებმა 2-კილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით გაიარეს და ადგილზე არსებული მდგომარეობას პირადად გაეცნენ.

ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღსადგენად, ხეობაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია საჭირო რაოდენობის მძიმე ტექნიკა და გრძელდება საავტომობილო გზის გაწმენდა. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს სტიქიის ზონაში შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.