ადლიას სანაპირო ზოლის გამაგრების პროექტი წარმატებით განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ადლიას ნაპირგამაგრება დაასრულა. პროექტი სსიპ „აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს" დაკვეთით განხორციელდა.

ადლიას განახლებული სანაპირო დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპატამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფაჩულიძემ, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა და დირექტორის მოადგილეებმა - ირაკლი კუპრავამ და უჩა მამუჩაშვილმა დაათვალიერეს.

აჭარის სანაპირო ზოლის ადლიას მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა: გამოირეცხა პლაჟი, დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა - სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ზღვის კიდიდან 30-50 მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს.

პროექტის მიხედვით, ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლი გამაგრდა: აშენდა ქვანაყარი ბერმა, რომლის შრეებიც ისეა დაგეგმილი, რომ შტორმმა ნაგებობის გამორეცხვა ვეღარ მოახერხოს.

განხორციელებული სამუშაოები მოხსნის პრობლემებს, რომელიც ადლიას სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არსებობდა, სანაპიროს შეუნარჩუნებს პლაჟს და განაპირობებს მიმდებარე გზაზე მოძრავი მანქანების უსაფრთხოებას.  

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5,3 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა.