რუხის საავადმყოფო კომპლექსის 12-ვე კოპრუსი ერთდროულად შენდება

მრავალპროფილური საავადმყოფო კომპლექსის 12-ვე კორპუსის მშენებლობა რუხში ერთდროულად ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცვნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია თურნავა.  

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", საქართველოს მთავრობის დავალებით, 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწყო. კომპლექსი რამდენიმე ობიექტისგან შედგება: ძირითად სტაციონარულ კორპუსში 7 ბლოკი შედის, ცალკეა პათოლოგ-ანატომიის, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები, ცალკე - საგენერატორო და საქვაბე ნაგებობები. ამ ბლოკებიდან ნაწილი 5, ნაწილი კი - 2-სართულიანია.

კლინიკის ტერიტორიაზე, შენდება, ასევე, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.  რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის კეთდება საერთო საცხოვრებელი. კომპლექსში მოეწყობა, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.

ამ დროისთვის 12-ვე კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მათი ნაწილი დასრულების ფაზაშია. სამუშაოები სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით წარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულია 154 ადამიანი, რომელთა 85% ადგილობრივი მცხოვრებია.