საქართველოს პრემიერმა რუხის საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერა.  

საუნივერსიტეტო კლინიკა რუხში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შენდება. კომპლექსის ბლოკების ნაწილზე უკვე მესამე სართულია ამოყვანილი. სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება.

„საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და კარკასის 70% პრაქტიკულად დასრულებულია. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობას, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს აქ უფასოდ მკურნალობას ვთავაზობთ. ასევე, ჩემი ინიციატივით აშენდება მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე აფხაზების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის ნდობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს და ეს ურთიერთობები ამაში დიდ როლს შეასრულებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საავადმყოფოს მშენებლობაზე 154 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.