სოფელ ახალდაბასთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია

წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია. გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი პირადად დაესწრო.  

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მე-5 მონაკვეთის აღსადგენად (რომელიც უშუალოდ სოფელშია) და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, დღის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთიც აღდგება. სამუშაოებს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.

წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთი 13-14 ივნისს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ჩაიხერგა და სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, დამონტაჟდა 3  სანიაღვრე მილი, რომელზეც მოეწყო საავტომობილო გზა.   

ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია სოფლამდე მაღალი გამავლობის ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება.