თეთნულდის სათხილამურო კურორტი აქტიურად შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია", კომპანია „თეთნულდ დეველოპმენტის" დაკვეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო კურორტს აშენებს.

პირველ ეტაპზე, შენდება 5 საბაგირო სადგური, საერთო სიგრძით - 5.9 კმ; ეწყობა, ჯამში, 18 სასრიალო ტრასა, საერთო სიგრძით - 25 კმ; ასევე - წყალსადენი, წყალარინების, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემები, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობები, პარკინგი და სხვა აუცილებელი ობიექტები.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" თეთნულდზე უკვე დაასრულა ტყე-კაფვის სამუშაოები; მოაპირკეთა სასრიალო ტრასების 75%; განახორციელა მიწის სამუშაოების 75%; აშენებს ელექტროქვესადგურს, წყლის სათავე ნაგებობასა და წყლის რეზერვუარებს.

თეთნულდი არის უნიკალური სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია. აქ შესაძლებელია ალპინიზმით, ჯომარდობით, ცხენოსნობთ, პარაპლანერიზმით, თხილამურებზე, სნოუბორდზე სრიალით, სამთო ტურიზმით დაკავება.

თეთნულდს ექნება ამიერკავკასიაში როგორც ყველაზე გრძელი - 9,5 კმ სიგრძის, ისე ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კმ სიმაღლის სასრიალო ტრასა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასრიალო პერიოდი, წლის განმავლობაში, 6-7 თვეს შეადგენს.

პროექტის საერთო ღირებულებაა 100 მილიონი ლარი და მას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ. კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდა. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.