დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დედოფლისწყაროში მრავალპროფილურ საავადმყოფოს აშენებს.

ახალი საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი დღეს ადგილზე დაათვალიერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა, დედოფლისწყაროს გამგებელმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და ქალაქის მოქმედი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ხათუნა ზურიკაშვილმა.

ახალი სტაციონარი ჩაანაცვლებს ქალაქის ძველ საავადმყოფოს, რომელიც ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამორტიზებულია. პროექტის მიხედვით, საავადმყოფოს შენობა იქნება ერთსართულიანი, სხვენის სართულით და აშენდება თანამედროვე დიზაინით, კეთილმოეწყობა ეზო. ამ დროისთვის, უკვე ამოყვანილია შენობის კედლები, გაყვანილია კანალიზაცია, მიმდინარეობს თაბაშირ-მუყაოს ტიხრების მონტაჟი, ვენტილაცია-კონდენცირებისა და გათბობის სისტემების მოწყობა, შენობის ლესვა და სახურავის სამუშაოები. 

ახალი კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის, ჯამში, 32 531 მცხოვრებს მოემსახურება. მრავალპროფილური სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 

პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, მშენებლობაზე 24 ადამიანია დასაქმებული.

მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროში 2014 წლის დეკემბერიში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.