„კოხტა მთასთან“ მისასვლელი გზა გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დაბა ბაკურიანში „კოხტა მთასთან" მისასვლელი საავტომობილო გზა გააფართოვა და მოაწესრიგა.

კილომეტრისა და 100 მეტრი სიგრძის გზა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლებისთვის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მთავარი გზა და „კოხტა მთასთან" მისასვლელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე ახლა აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ობიექტების მშენებლობა.

სივიწროვის გამო, ძველ გზაზე ორმხრივი მოძრაობა შეუძლებელი იყო, რაც გადაადგილების მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, გზაზე მრავლად იყო ორმოები. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გზა გაფართოვდა, მოსწორდა და მოიხრეშა, ამოივსო ორმოები, მოწესრიდა ჭები.

ახალი გზა, არამარტო დაბისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს მოუხსნის გადაადგილების პერობლემას, არამედ ხელს შეუწყობს „კოხტა მთაზე" მიმდინარე ახალი საბაგიროს, ასევე, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, რაც მხარის ტურისტულ პოტენცილს გაზრდის.  

პროექტის ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა. შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" „კოხტა მთასთან" მისასვლელი გზა დაგეგმილზე ადრე, 3 კვირის ვადაში გააფართოვა.