რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორთან, იოსებ ოზაშვილთა ერთად, დღეს რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს.

ახალი. 220-ადგილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა რუხში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო. კომპლექსი 12 ბლოკისგან შედგება, მათგან ზოგი - 5, ზოგი კი 2-სართულიანია. ამ დროისთვის 12-ვე კორპუსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, მათი ნაწილი უკვე დასრულების ფაზაშია; დასხმულია ვეტროდრომი, დაწყებულია საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.

პროექტის მიხედვით, სტაციონარის გარდა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი.  

რუხის მრავალპროფილური კლინიკის რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მისი ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების - ახალაბასთუმნისა და რიყის, ჯამში, 14000 მცხოვრებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში აღარ მოუწევს ჩასვლა; საავადმყოფო მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს.

საავადმყოფოს მშენებლობა (შენობა და შიდა სამუშაოები) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 მილიონ 264 ათას ლარს შეადგენს. ამ დროისთვის მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით წარმოებს.