მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი ააშენა. დასრულებული სამუშაო დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.

თერგის გამაგრება დარიალის ხეობაში შარშან მეორედ ჩამოწოლილი მეწყრის შედეგების ლიკვიდაციისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პრევენციის ფარგლებში განხორციელდა. გზა ჩამოწოლილი მასებისგან გაიწმინდა; დამონტაჟდა წყალგამტარი ლითონის მილი; გამაგრდა 150 მეტრი სიგრძის მიწის ვაკისი; ბუტობეტონის ბლოკებითა და ქვაყრილით მოეწყო 700 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი; ხეობაში მდებარე ჰესის დასაცავად, 90 მეტრის მანძილზე შეიცვლა მდინარის კალაპოტი. 

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მიმდებარე გზა და დარიალის მამათა მონასტერი დაცული იქნება თერგის ადიდებისგან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა.

სამუშაოებზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული.