მდინარე ბჟუჟის სანაპირო ზოლის გამაგრება

მდინარე ბჟუჟზე, რომლის ადიდებამაც გურიას, მხარის ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას, 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" რკინა-ბეტონის დამცავი კედელის მშენებლობას ასრულებს.  

დამცავი კედელი ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას შენდება, სადაც 2014 წლის სექტემბერის ბოლოს მოსული ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა, სოფელ შემოქმედთან, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური მაგისტრალის მე-4 კილომეტრზე, 70 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.

მდინარის ერთ ნაწილში უკვე აშენებულია რკინა-ბეტონის დამცავი კედელი, რომლის სიმაღლე 7,20 მეტრი, ხოლო სიგრძე 594 მეტრია; მდინარის კალაპოტში მისი სიგანე 6 მეტრს შეადგენს, ყველაზე მაღალ წერტილში - 40 სანტიმენტრს; კედელი კონუსური ფორმისაა და მისი 4 მეტრი წყალქვეშ მდებარეობს. ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები მოიცავს, ასევე, მდინარის მეორე ნაწილში 170 მეტრი სიგრძისა და 8,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობას, 100 გრძივი მეტრი გაბიონის მოწყობასა და 540 მ2 ასფალტის დაგებას წყალდიდობით დაზიანებულ გზის მონაკვეთზე. ამასთან, ბჟუჟზე გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო 36 ცალი 10-ტონიანი ტეტრაპოდი.

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური საავტომობილო გზით გურიის 7 სოფლის მოსახლეობა - დაახლოებით 5219 მოსახლე და მათი სტუმრები სარგებლობენ. ეს სოფლებია: შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი, გომი, ბოხვაური, კურორტი გომისმთა. საკურორტო სეზონზე, გუმისთაში ჩადის ოზურგეთის მოსახლეობის 20 პროცენტი. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება მათთვის, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება. 

გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 6 მილიონი ლარი გამოჰყო. სამუშაოებზე 45 ადამიანი დასაქმდა.