საევაკუაციო დერეფანი ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" მიმდებარედ, საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე 208,4 მ სიგრძისა და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფანს აშენებს. ასეთი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი მიზანი, სტიქიის შემთხვევაში, საბაჟოს, ჰესის მომსახურე პერსონალისა და მგზავრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფაა.

მიმდინარე  სამუშაო დღეს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ხელმძღვანელმა პირებმა დაათავლიერეს.

პროექტის მიხედვით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" მიმდებარე მთაზე, არსებული საავტომობილო გზის ზედაპირიდან 7მ÷12მ. სიმაღლეზე, კლდეში, იჭრება 1,5მ სიღრმის, 0.6მ x 0.4მ ზომის ღიობები (57÷65 ცალი), რომლებშიც ჩაბეტონდება რკინა-ბეტონის კოჭები. კოჭები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება 40 სმ. სისქის გამაერთიანებელი მონოლითური რკინა-ბეტონის ფილით.

ქვისცვენისგან დასაფარად, აივანი გადაიხურება სპეციალური ბადით და გაუკეთდება ლითონის მოაჯირი. კონსტრუქციაში შესვლა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ადგილზე განთავსებული 4 კიბის უჯრედის საშუალებით. დერეფანი დაიწყება საბაჟოს ტერიტორიიდან და დასრულდება დარიალის მამათა მონასტრის მიმდებარედ, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყობა.  

მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ  სპეციალური საგუშაგოზე 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული და, განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას.

საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება და მისი საკონტრაქტო ღირებულება 1 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს. 

 

საევაკუაციო დერეფნის 3D რენდერი