ბჟუჟის ნაპირგამაგრება წარმატებით ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორთან, იოსებ ოზაშვილთან ერთად, სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშაოები დაათვალიერა.

მდინარე ბჟუჟზე, რომლის ადიდებამაც მხარის ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას 3 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ნაპირდაცვის პროექტს ახორციელებს.

ამ დროისთვის, მდინარის ერთ ნაწილში უკვე აშენებულია 594 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედელი; მდინარის მეორე ნაწილში დასრულებულია 170 მეტრი სიგრძისა და 8,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობა; კომპანია ახლა მდინარის 200-მეტრიან მონაკვეთზე 8 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავ კედელს აშენებს.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები ასევე, მოიცავდა, 100 მეტრი გრძივი გაბიონის მშენებლობასა და 540 კბ.მ. ასფალტის დაგებას წყალდიდობით დაზიანებულ გზის მონაკვეთზე. ამასთან, ბჟუჟზე გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა კალაპოტი; წყლის შესაკავებლად რამდენიმე დროებითი დამბა მოეწყო.

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური საავტომობილო გზით გურიის 7 სოფლის მოსახლეობა და მათი სტუმრები სარგებლობენ. ეს სოფლებია: შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი, გომი, ბოხვაური, კურორტი გომისმთა. საკურორტო სეზონზე, გომისმთაში ჩადის ოზურგეთის მოსახლეობის 20 პროცენტი. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათთვის გზაზე გადაადგილება, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება.

გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 7 მილიონ ლარზე მეტი გამოჰყო. სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად - ადგილობრივები. პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.