მახათაზე გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მახათას მთაზე გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები: გზის გაფაროების მიზნით, მოიჭრა 8840 კბ.მ მთის ფერდობი, მოიჭრა და მოსწორდა მიწის გრუნტი, დაიყარა და მოსწორდა ფრაქციული ქვა-ღორღი, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ბორდიურების მოწყობა. 

სამებისა და მახათს მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების დამაკავშირებელ 2 კმ სიგრძის გზას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს. პროექტის მიხედვით, ახალ გზაზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგება, საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, მოეწყობა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდება.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას მთასთან დააკავშირებს, არამარტო მოძრაობას განტვირთავს, არამედ, უამრავი ვიზიტორისა და ტურისტისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის. ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდება.