საევაკუაციო დერეფნის ბილიკზე ბეტონის საფარი ეწყობა

ლარსის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ობიექტზე კლდეში რიგელების განთავსება დასრულდა და ბილიკზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, კონსტრუქციაში გაკეთდება ბურჯები და კიბის უჯრედები. მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ქალიაშვილმა და შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.

საქართველოში პირველი საევაკუაციო დერეფანი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, საბაჟო-განშვებ პუნქტ „ყაზბეგის" მიმდებარედ შენდება. პროექტი კლდის ფერდზე 208,80 მეტრი სიგრძისა და 2.25 მეტრი სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს. დერეფანი იწყება საბაჟოს ტერიტორიიდან და სრულდება დარიალის მამათა მონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყობა. მეწყრების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში, ამ მოედნიდან მგზავრების, საბაჟო-გამშვები პუნქტისა და მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე მომუშავეთა ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდება.

მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ სპეციალურ საგუშაგოში 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას. საევაკუაციო დერეფანზე ასვლა სხვადასხვა ადგილას განთავსებული კიბის 4 უჯრედიდან იქნება შესაძლებელი. ქვისცვენისგან დასაცავად, დერეფანი სპეციალური ბადით გადაიხურება და ლითონის მოაჯირი გაუკეთდება, რაც მასზე გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.   

ლარსის საევაკუაციო დერეფანს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფოს სამშენებლო კომპანია" აშენებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია. მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრები. პროექტის განხორციელება 2015 წლის ივნისში დაიწყო და წელს დასრულდება. 

 

საევაკუაციო დერეფნის 3D რენდერი