კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" განსხვავებული ფორმატის ორგანიზაციაა. ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი სამთავრობო პროექტებია, რომელთა განხორციელება ბევრ საჭირბოროტო საკითხთანაა დაკავშირებული.  

ამ ტიპის პროექტებს შორის, პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები დარიალის ხეობაში, სადაც  ჩვენი თანამშრომლები ურთულეს ვითარებაში 24-საათიან რეჟიმში შრომობდნენ, მაღალ დონეზე ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წმენდნენ ტერიტორიებს და აღადგენდნენ გზას, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს.

თავისი აქტიური საქმიანობის პერიოდში, შ.პ.ს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ამ პროექტების ფარგლებში, მეტად რთულ რელიეფსა და პირობებში, მოწესრიგდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 7 მონაკვეთი, მათ შორის - გუდაური-კობის მონაკვეთი, მასზე მდებარე გალერეა, ხიდები და გვირაბები; ჩატარდა თბილისის შემოვლითი გზის 13,4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, ჩვენი პროექტები მოიცავს მნიშვნელოვან ნაპირსამაგრ სამუშაოებს მდინარე ბჟუჟზე, ადლიასა და სარფში, თანამედროვე კლინიკების მშენებლობას რუხსა და დედოფლისწყაროში, თეთნულდის უნიკალური კურორტის მშენებლობას, ახალი სტადიონის მშენებლობას წყალტუბოში; სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას სოფელ შემოქმედში, ახალდაბასა და წყლულეთში, სხვა.

თითოეული პროექტი, რომელზეც ამ წლების განმავლობაში ვიმუშავეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენთვის ღირებულია ქვეყნისა და ხალხის ცხოვრებაში მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ეს კომპანიისთვის ხარისხიანი მუშაობის კიდევ ერთი, დამატებითი სტიმულია.