რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო
პროექტი: 2014 წლის 25 აგვისტოს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო.
კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო-სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე,საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი (150ტ) კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი - 250X2 მეტრ/კუბი, საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი – 5, ნაწილი კი, 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს.
სამუშაოები სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით წარმოებს. მშენებლობა დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით ხორციელდება.
დაფინანსება: პროექტი (შენობა და შიდასამუშაოები) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარს შეადგენს.
დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.
შედეგი: კლინიკის მშენებლობა რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მისი ამოქმედების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების – ახალაბასთუმნისა და რიყის მცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ; საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.
კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.