გუდაური-კობის მონაკვეთი

პროექტი: წლის საუკეთესო პროექტად დასახელებული, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის (96-ე და 107-ე კმ.) რეაბილიტაცია შ.პ.ს. “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” 2013 წელს დაასრულა.

მონაკვეთი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კავკასიონის მთავარი ქედის ჯვრის უღელტეხილზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. სტეფანწმინდა, მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და საზღვრისპირა ინფრასტრუქტურა (საბაჟო-გამშვები პუნქტი, სასაზღვრო პოლიციის ბაზა) ამ გზით უკავშირდება საქართველოს ცენტრსა და ქვეყნის სხვა რეგიონებს.

ამავე გზით ხორციელდება, როგორც ადგილობრივი, ისე – ძირითადი საერთაშორისო სამგზავრო კავშირები და სატვირთო გადაზიდვები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდებოდა კავკასიონის მთავარი ქედის მაღალმთიან რელიეფში, ჯვრის უღელტეხილზე – 2400 მეტრის სიმაღლეზე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. პროექტის დაწყებისთვის, საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ცალკეული ფრაგმენტების სახით იყო დარჩენილი; გზა, ძირითადად, ადგილობრივი და მდინარეული მასალით იყო მოხრეშილი.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სამუშაოები ყველა საჭირო მიმართულებით ჩაატარა.

დაფინანსება: პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 14 502 066, 28 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმებული იყო 110 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებლები.

შედეგი: საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე მოძრაობა უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.