სარფის სანაპირო ზოლის გამაგრება გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 117-119-ე კმ-ზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების პროექტს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობა, დღეს, მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე კეთდება; სანაპიროს 1.5 კმ-ზე შენდება 7,9 მეტრი სიმაღლისა და 3,3, მეტრი სისქის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდი. უკვე ჩატარდა გზაზე არსებული 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია და, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს. შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მის მდგრადობას, შესაბამისად - მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, რომელზეც ინტენსიური ქვისცვენა მიმდინარეობდა. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის უმეტეს დროს ერთნაირი ინტენსივობით ცვიოდა და ხშირი იყო მგზავრების, მანქანებისა და ტვირთების დაზიანების შემთხვევები. გზის ეს ნაწილი მდებარეობს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაგრძელებაზე და, პრაქტიკულად, უმოკლესი მანძილია თურქეთის გავლით ევროპიდან შემოსული და სამხრეთ კავკასიაში თუ აზიაში მიმავალი მანქანებისთვის.

სანაპირო ზოლის გამაგრების, მოწყობისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრების შემდეგ, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე - საერათაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის.

სარფის ნაპირგამგარებას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 100 ადამიანი. პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.