სარფის სანაპირო ზოლის გამაგრება წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოებს ატარებს. დღეს, პროექტის მიმდინარეობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე გაეცნო.

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობის ინტენსივობა საკმაოდ მაღალია და დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანას აღწევს. შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზის მდგრადობას, შესაბამისად - მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, რომელზეც ინტენსიური ქვისცვენა მიმდინარეობდა. ციცაბო ფერდობიდან ლოდები წელიწადის უმეტეს დროს ერთნაირი ინტენსივობით ცვიოდა და ხშირი იყო მგზავრების, მანქანებისა და ტვირთების დაზიანების შემთხვევები. გზის ეს ნაწილი მდებარეობს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაგრძელებაზე და, პრაქტიკულად, უმოკლესი მანძილია თურქეთის გავლით ევროპიდან შემოსული და სამხრეთ კავკასიასა თუ აზიაში მიმავალი მანქანებისათვის.

უკვე განხორციელდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, ქვისცვენის სწინააღმდეგო ბადე დამონტაჟდა 932-მეტრიან კლდოვან ნაწილზე, საიდანაც ინტენსიური ქვისცვენა მიმდინარეობდა. დარჩენილი ორი პროექტის დასრულების შემდეგ, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილი 5 მეტრით ზღვისკენ გაფართოვდება; გაიზრდება სანაპირო ზოლის მოცულობა; სანაპიროზე შენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა, რამაც ტერიტორია შტორმის დროს უნდა დაიცვას.

სანაპირო ზოლის გამაგრების, მოწყობისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრების შემდეგ, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის.

სარფის ნაპირგამგარებას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 58,4 მილონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 100 ადამიანი, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.