ახალი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დარიალში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დარიალის ხეობაში განვითარებული ახალი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ დროისთვის სპეციალისტები მდინარე თერგის კალაპოტში დაბრუნებას ცდილობენ, რის შემდეგაც, გზის ყრილის მოწყობა დაიწყება.

მდინარე თერგს კალაპოტი 23 ივნისს ძლიერი წვიმების შედეგად დევდორაკის ხეობიდან ჩამოსულმა ღვარცოფმა შეუცვალა. სტიქიამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი დაანგრია, რის გამოც, კმ134-კმ135-ზე ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელი გახდა. ადგილზე ვითარებას მუდმივად აკვირდებიან საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები.  

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დარიალში სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციას 2014 წელსაც ახორციელებდა. დევდორაკის ხეობიდან მაისსა და აგვისტოში, ჯამში, 2 მილიონ კუბური მეტრი მოცულობის ღვარცოფული მასები ჩამოვიდა. შესაბამისი ტექნიკის, სპეციალისტების მობილიზებისა და 24-საათიანი მუშაობის შედეგად, დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდა და გზაზე მოძრაობის აღდგენა კომპანიამ, ორივე შემთხვევაში, მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოახერხა.