წილკანში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" წილკნის დევნილთა დასახლებაში შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვა დაასრულა.

ამ მჭიდრო  დასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ნალექის დროს, დატბორილი სავალი ნაწილი გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე - ავტომობილებს; საჭიროების შემთხვევაში, გამოძახების ადგილზე მისვლას ვერც სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის მანქანები ახერხებდნენ.     

წილკნის დასახლების, ჯამში, 2,5 კმ სიგრძის გზა, რომელიც 6 ქუჩას მოიცავს, მოშანდაგდა, დაიყარა და დაიტკეპნა 20 სმ სისქის ქვიშა-ხრეშის ნარევი და 10 სმ სიგრძის ფრაქციული ღორღი, მოწესრიგდა კიუვეტები. შედეგად, შიდა ქუჩებში გადაადგილება, ნებისმიერ ამინდში, უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

ჩატარებულ სამუშაოებს დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია დარჩიაშვილი გაეცნენ.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 160 000 ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 10 ადამიანი დასაქმდა.