სტიქიის პრევენციის სამუშაოები დარიალის ხეობაში

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო  გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორი, გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.

პროექტის განხორციელების შემდეგ, მდინარე თერგი მეწყრული ჩამონაშალისგან გაიწმენდება, რაც წყლის დაგუბების პრობლემას მოხსნის, ხეობაში გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ კი, საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. 

სტიქიის შედეგების სალილკვიდაციო სამუშაოები დარიალის ხეობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონ 900 ათას ლარია. ამ დროისთვის, ადგილზე 15 ადამიანია დასაქმებული.  

სტიქიური მოვლენებისას პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2016 წელს დაასრულა საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტ ‘ყაზბეგზე". პროექტი, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა, მნიშვნელოვანია იმით, რომ, ამ რთულ რელიეფში, მეწყრების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანების, საბაჟო-გამშვები პუნქტისა და არსებულ მშენებლობებზე მომუშავეთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე.