სენაკი-ფოთი-სარფის გზის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

 

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის სარფის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური, არჩილ ხაბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი, გზის ქვედა ფერდი ირეცხება, რაც საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას, შესაბამისად - მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებს.

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, რომელზეც ინტენსიური ქვისცვენა მიმდინარეობს. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის ყველა დროს ერთნაირი სიხშირით იყრება და ხშირია მგზავრების, მანქანებისა და ტვირთების დაზიანების შემთხვევები.  

გზის ეს ნაწილი მდებარეობს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაგრძელებაზე და, პრაქტიკულად, უმოკლესი მანძილია თურქეთის გავლით ევროპიდან შემოსული და სამხრეთ კავკასიაში თუ აზიაში მიმავალი მანქანებისთვისთვის. შესაბამისად, გზის უსაფრთხოება არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითაც რეგულირდება.

პროექტის მიხედვით, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალურ დამცავი ბადე კეთდება; 1,5-კილომეტრიანი სანაპიროს მთელ სიგრძეზე კი, შენდება 7,9 მეტრი სიმაღლისა და 3,3, მეტრი სისქის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდი; მიმდინარეობს, ასევე, გზაზე არსებული 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია.  

სანაპირო ზოლის გამაგრების, მოწყობისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრების შედეგად, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის.

სამუშაოებზე დასაქმებულია 300 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებლები. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაპირგამაგრებისას გამოყენებული მასალა, ტეტრაპოდები 100%-ით ადგილობრივი წარმოებისაა.

სარფის ნაპირგამგარებას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს". სამუშაოების დასრულება მომავალ წელს იგეგმება.