მინისტრმა ადლიას ნაპირგამაგრების სამუშაოები დაათვალიერა

 

საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადლიას სანაპირო ზოლის გამაგრებას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, არჩილ ხაბაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანულიძემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა.  

აჭარის სანაპირო ზოლის ადლიას მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა: გამოირეცხა პლაჟი, დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა - სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ზღვის კიდიდან 30-50 მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს.

პროექტის მიხედვით, ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლი მაგრდება: შენდება ქვანაყარი ბერმა, რომლის შრეებიც ისეა დაგეგმილი, რომ შტორმმა ნაგებობის გამორეცხვა ვეღარ მოახერხოს; დამცავი ნაგებობის წინ ბერმის სახით ეწყობა ე.წ. კბილი, რომელიც მას სიღრმითი რეცხვისგან დაიცავს.   

ყველა ეს სამუშაო მოხსნის პრობლემებს, რომელიც ადლიას სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არსებობდა, სანაპიროს შეუნარჩუნებს პლაჟს და განაპირობებს მიმდებარე გზაზე მოძრავი მანქანების უსაფრთხოებას.  

ადლიას ნაპირგამაგრების პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. სამუშაოებზე 70 ადამიანია დასაქმებული და მათგან 60 ადგილობრივი მცხოვრებია.

ადლიას სანაპირო ზოლის გამაგრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.