რუხის მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა წინსწრებით მიმდინარეობს

 

რუხის მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა წინსწრებით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ, შ.პ.ს."სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს. 

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება. მშენებლობის დაწყება 25 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა გახსნეს.

კლინიკის მშენებლობა რამდეიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მისი ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების - ახალაბასთუმნისა და რიყის, ჯამში, 14000 მცხოვრებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში აღარ მოუწევს ჩასვლა; საავადმყოფო მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს; გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი.  

ამ დროისთვის უკვე ჩასხმულია კომპლექსის შვიდივე ბლოკის საძირკველი; გაკეთებულია ჭაბურღილი, რომლითაც საავადმყოფო და დანარჩენი შენობები წყლით მომარაგდება; სრულდება საფუძვლის ფილების მოქსოვა და მიმდინარეობს კოლონების შეკვრა. ამჟამად, მშენებლობაზე 40-მდე ადამიანი მუშაობს, ყველა ადგილობრივი მცხოვრებია. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რუხის საავადმყოფოში 600 ადამიანი დასაქმდება.

მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, მთლიანობაში, 41 მილიონ 264 ათასი ლარი ჯდება და მისი დასრულება 30 თვეში იგეგმება. სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზედამხედველობით, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. მშენებლობას შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.