მდინარე ბჟუჟზე 7 მეტრი სიმაღლის დამცავი კედელი შენდება

 

მდინარე ბჟუჟზე, რომლის ადიდებამაც გურიას, მხარის ინფრასტრქუტურასა და მოსახლეობას, 3 მილიონ 023 ათას 900 ლარის ზარალი მიაყენა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 7,20 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავ კედელს აშენებს. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

დამცავი კედლის მშენებლობა ბჟუჟის კალაპოტში ახლა, იმ ადგილას მიმდინარეობს, სადაც სექტემბერის ბოლოს მოსული ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა, სოფელ შემოქმედთან, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური მაგისტრალის მე-4 კილომეტრზე 70 მეტრი საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.    

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური საავტომობილო გზით გურიის 7 სოფლის მოსახლეობა - დაახლოებით 5219 მოსახლე და მათი სტუმრები სარგებლობენ. ეს სოფლებია: შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი, გომი, ბოხვაური, კურორტი გომისმთა. საკურორტო სეზონზე, გუმისთაში ჩადის ოზურგეთის მოსახლეობის 20 პროცენტი. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება მათთვის, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება. 

პროექტის მიხედვით, რკინა-ბეტონის დამცავი კედლის სიგრძე 400 მეტრია; მდინარის კალაპოტში მისი სიგანე 6 მეტრს შეადგენს, ყველაზე მაღალ წერტილში - 40 სანტიმენტრს; კედელი კონუსური ფორმისაა და მისი 4 მეტრი წყალქვეშ მდებარეობს. ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები მოიცავს, ასევე, 100 გრძივი მეტრი გაბიონის მშენებლობას. სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. 

ამ პროექტების გარდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მდინარე ბჟუჟზე სხვა პროექტებიც განხორციელდა. კერძოდ: გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა მდინარის კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო 36 ცალი 10-ტონიანი ტეტრაპოდი.  

გზის ჩანგრეული მონაკვეთების სრულფასოვნად აღდგენა, როგორც სოფელ შემოქმედთან, ისე - სოფელ ნატანებში, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინტენსიური მუშაობის შედეგად, რამდენიმე დღეში მოხერხდა. ამ დროისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, გურიაში სტიქიით დაზიანებული ყველა ხიდის რეაბილიტაცია ჩატარდება.

სოფელ ნატანებში, უკვე გაკეთებულია ორი მილ-ხიდი, რომელიც ერთმანეთთან სოფლის ორ ნაწილს აკავშირებდა და მდინარე ნატანების ადიდების შედეგად ჩაინგრა. პროექტის ფარგლებში, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომაპანიამ" მოაწყო ახალი მილ-ხიდები - მდინარეში ჩაიდგა ლითონის წყალგამტარი მილები, რომელიც ქვიშა-ხრეშით მოშანდაგდა. ამასთან, გაკეთდა ერთ-ერთ ხიდთან მისასვლელი 250-მეტრიანი გზაც, რომელიც მოვარდნილი წყლისგან იყო დაზიანებული. შესაბამისად, სოფელ ნატანების 6118 მცხოვრებს ცენტრალურ მაგისტრალამდე მისვლა ახლა უპრობლემოდ შეუძლია.