„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ საჩუქარი „თაობათა კერის“ ბენეფიციარებს

ძველით ახალი წლისთვის, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" საჩუქარი ბოდბისხევში მდებარე პანსიონატ „თაობათა კერის" ბენეფიციარებს გაუკეთა. ამ დაწესებულებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი განსხვავებული ასაკის 10 სოციალურად დაუცველი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი ცხოვრობს.

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორი, იოსებ ოზაშვილი, დირექტორის მოადგილე, ირაკლი კუპრავა და კომპანიის წარმომადგენლები პანსიონატში საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი კობერიძესთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ ერთად გადასცეს „თაობათა კერის" ბინადრებს საჩუქრები, რომელიც კომპანიამ ბენეფიციარებისთვის შეიძინა.

ფერადი ტელევიზორები, ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი, სარეცხი და ხორცსაკეპი მანქანები - ეს ის ნივთებია, რომელსაც პანსიონატში მცხოვრები ადამიანები ელოდნენ და, ახალ წელს, ბევრ ტკბილეულთან ერთად მიიღეს.