სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დაასრულა სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მდებარე 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია.

დასრულებული სამუშაო დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, სააავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილეებმა, ირაკლი კუპრავამ და უჩა მამუჩაშვილმა დაათვალიერეს.

ესტაკადის რეაბილიტაცია წარმოადგენს ნაწილს სარფის ნაპირგამაგრებისა და ქვისცვენის შეჩერების პროექტისა, რომელსაც შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მოხდა ესტაკადის დაზიანებული კონსტრუქციის დემონტაჟი და აიწყო ახალი კონსტრუქცია; გაკეთდა ნეგებობის საფუძველი; დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი; მოეწყო პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები.

ესტაკადის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 273 ათას ლარს შეადგენს. მის განხორციელებაზე დასაქმებული იყო 70 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრები.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ესტაკადაზე გადაადგილება მგზავრებისთვის უკვე უსაფრთხო და კომფორტული იქნება.