ნაპირსამაგრი და ქვისცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები სარფში

 

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ნაპირგამაგრებისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო სამუშაოებს აგრძელებს.

პროექტის მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილეები, ირაკლი კუპრავა და უჩა მამუჩაშვილი.

სარფის ნაპირგამაგრებისა და ქვისცვენის შეჩერების სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სარფის სანაპიროს მთელ სიგრძეზე შენდება 7,9 მეტრი სიმაღლისა და 3,3, მეტრი სისქის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდი; სპეციალური დამცავი ბადე კეთდება გზის 932-მეტრიან კლდოვან ნაწილზე.

სარფის ნაპირგამგარების პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 45 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება წელს იგეგმება. სამუშაოებზე დასაქმებულია 300 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებლები. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაპირგამაგრებისას გამოყენებული მასალა, ტეტრაპოდები 100%-ით ადგილობრივი წარმოებისაა.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი, გზის ქვედა ფერდი ირეცხება, რაც საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას, შესაბამისად - მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებს.  პრობლემას ქმნის ინტენსიური ქვისცვენაც. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის ყველა დროს ერთნაირი ინტენსივობით იყრება და ხშირია მგზავრების, მანქანებისა და ტვირთების დაზიანების შემთხვევები.  

სანაპირო ზოლის გამაგრების, მოწყობისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრების შედეგად, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის.