დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დედოფლისწყაროში მრავალპროფილურ საავადმყოფოს აშენებს. კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ამაშუკელსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ვალერი კვარაცხელიას დაათვალიერებინა.

ახალი სტაციონარი ჩაანაცვლებს ქალაქის ძველ საავადმყოფოს, რომელიც ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამორტიზებულია. კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის, ჯამში, 32 531 მცხოვრებს მოემსახურება.

პროექტის მიხედვით, საავადმყოფოს შენობა იქნება ერთსართულიანი, სხვენის სართულით და აშენდება თანამედროვე დიზაინით; კეთილმოეწყობა ეზო. ახალი მრავალპროფილური სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

საავადმყოფოს მშენებლობა შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და მისი დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.