წყალტუბოში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" წყალტუბოში ახალ სტადიონს აშენებს. პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა და შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილემ, ირკლი კუპრავამ დაათვალიერეს.

პროექტით, დაგეგმილია 7280 კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება, 7960 კვადრატულ მეტრზე - ავტოსადგომის მოწყობა, განათების ბოძების დამონტაჟება.

სტადიონის ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა ჭაობის დაშრობის სამუშაოები; ტერიტორია გათავისუფლდა ძველი სტადიონის ნარჩენებისგან; გაკეთდა შემოღობვა, მიმდინარეობს მიწის სამუშაოები.

ახალი სტადიონი ქალაქის ძველი სტადიონის ადგილზე აშენდება. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ქალაქის ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი სპორტის განვითარებას.

სტადიონის მშენებლობა წყალტუბოში 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება 2015 წელს იგეგმება.

პროექტი სახელწმიფო ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია. ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 34 ადამიანია დასაქმებული.